აბუ-დაბის პოლიცია აცხადებს, რომ ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 10 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ thenationalnews-ი წერს.

აბუ-დაბის პოლიციის განცხადებით, ჩხუბში მონაწილე რვა პირი დააკავეს, ასევე დააკავეს კიდევ ორი ადამიანი, რომლებმაც ინციდენტი გადაიღეს. ათივე დაკავებული შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.

„ინციდენტი რამდენიმე პირს შორის არსებული უთანხმოების გამო დაწყებულ ჩხუბს უკავშირდებოდა. შემთხვევა სასტუმროს შესასვლელთან მოხდა“, — ნათქვამია აბუ-დაბის პოლიციის განცხადებაში.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ მკაცრად იმოქმედებს ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის ან საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.

პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდა, პატივი სცენ კანონს, დაიცვან წესები და გამოიჩინონ პასუხისმგებლიანი და ცივილიზებული ქცევა.

გამოცემა The National-ის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილი მომხდართან დაკავშირებით ბრალის წარდგენას არ ითხოვს. პოლიციას ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მიაწოდეს, რაც შემთხვევა საჯარო სივრცეში მოხდა და მისი ამსახველი კადრები ვიდეოზე დაფიქსირდა.

ასევე სტატიაში ვკითხულობთ:

ნურმაგომედოვი RAF Abu Dhabi-ის ღონისძიების მონაწილე არ არის, თუმცა აბუ-დაბიში უფროსი ძმის, უმარის მხარდასაჭერად იმყოფება. უმარი შაბათს ურიჯა ფეიბერს უნდა დაუპირისპირდეს.

უსმან ნურმაგომედოვი მსოფლიოში ცნობილი შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია და ამ სპორტში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად თავისუფალ აგენტად მიიჩნევა. მან PFL-თან კონტრაქტის ვადა ამოწურა.

28 წლის რუს მებრძოლს MMA-ში დაუმარცხებელი რეკორდი აქვს - ჩატარებული 23 ბრძოლიდან 22 მოიგო, ერთი კი ფრედ კი არა, შედეგის გარეშე დასრულებულად (No Contest) ჩაითვალა.

უსმანის ბოლო ბრძოლა ივლისში გაიმართა. მან პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა არჩი კოლგანი და PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან უარი თქვა PFL-თან კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ შეთავაზებულ 2 მილიონ დოლარზე. 90-დღიანი ექსკლუზიური მოლაპარაკების პერიოდი 29 ოქტომბერს დასრულდა, რის შემდეგაც უსმანი თავისუფალი აგენტი გახდა. მოსალოდნელია, რომ ის UFC-ს შეუერთდება.

გასულ თვეში, როდესაც UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს უსმანის შესაძლო დამატებაზე ჰკითხეს, მან გამოცემა The National-ს უპასუხა: „ჩვენ დაინტერესებულები ვართ“.

35 წლის მერაბ დვალიშვილს ნურმაგომედოვების ოჯახთან დაპირისპირების ისტორიაც აქვს. 2025 წელს მან UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

მეტოქეობა ბოლო თვეებში კვლავ გამწვავდა. RAF Georgia-მდე დვალიშვილი უმარის ერთ-ერთ თანამოაზრესთან ჩხუბში გაეხვა, რის შემდეგაც მერაბმა და უმარმა მედიაში ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.